ნიკოლოზ ვაშაკიძე - რაც ცხინვალის რეგიონში ხდება, კანონზომიერი შედეგია რუსეთის ფედერაციის მანკიერი პოლიტიკის

Written By giorgi on 06.02.2012 | 11:46

"რაც ცხინვალის რეგიონში ხდება, ეს კანონზომიერი შედეგია იმ მანკიერი პოლიტიკისა, რაც  საქართველოს ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციამ გაატარა" , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ დღევანდელ, ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მოვლენებზე პასუხიმგებლობა რუსეთის ხელმძღვანელობას ეკისრება.
"ეს ჩვენი ტერიტორიაა, ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ და გულისყურით ვადევნებთ თვალს მოვლენებს. იმედი გვაქვს, რომ მოვლენები არ დაიძაბება და სისხლი არ დაიღვრება", - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

ე.წ სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

ანატოლი ბიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2011 წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდა. მან "განათლების მინისტრის", ალა ჯიოევას მსგავსად, ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა მიიღო. ამასთან, მეორე ტურში უპირატესობა ჯიოევამ მოიპოვა, თუმცა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გამოვლენილი დარღვევების საბაბით, არჩევნების შედეგები არ ცნო. ამის მიუხედავად, ჯიოევამ თავი "კანონიერად არჩეულ მეთაურად" გამოაცხადა და 10 თებერვალს ინაუგურაციის დღე დანიშნა.