ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე ვერ გადის. ამის შესახებ commersant.ge-სთან თაფლის მწარმოებლები საუბრობენ, მიზეზად კი სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებენ.
,,სერთიფიკატის აღება ძალიან რთულია, იმისთვის, რომ თაფლი ექსპორტზე გაიტანო, სპეციალური, თაფლის გადამამუშავებელი ბაზის შექმნაა საჭირო,” - აცხადებს კომპანია ,,ფეფეს” დირექტორი გიორგი ტატიშვილი. თაფლის რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა ,,ქესკიასაც”. კომპანიის დირექტორის ფრიდონ კოდუას განცხადებით, მართალია მათ პროდუქციის დიდი რაოდენობა აქვთ, მაგრამ რეალიზაციას ვერ ახერხებენ.
კომპანია უკვე დიდი ხანია თაფლის უცხოურ ბაზარზე გატანას ცდილობთ, თუმცა უშედეგოდ. ქართული თაფლის რეალიზაციის ფონზე კი ბაზარზე იმპორტირებული თაფლის წილი იზრდება. 2010 წელს ქვეყანაში 20,1 ათას დოლარის ღირებულების თაფლი შემოვიდა, ხოლო 2011 წელს ამ მაჩვენებელმა 70 ათას დოლარს მიაღწია.
იმპორტირებული თაფლის წილის ზრდას შ.პ.ს ,,მეთაფლიას” დამფუძნებელი კახაბერ ზიქარაშვილი ასე ხსნის: ,,იმპორტირებული თაფლი გაცილებით იაფი ღირს, უცხოური კომპანიები უცხო ბაზრებზე თავის დამკვიდრებას სწორედ დაბალი ფასით ახერხებენ.”
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველომ 2011 წელს თაფლის ექსპორტი 60,8 ათას დოლარამდე გაზარდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 13,9 ათასი დოლარით აღემატება. ზირაქაშვილის განმარტებით, უცხოეთში ქართული თაფლი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საქართველოში. მაგალითად, ერთი კილოგრამი წაბლის თაფლის ფასი ქართულ ბაზარზე 14, 50 თეთრია, ხოლო სტამბულში 35 დოლარი.
