საქართველო როგორც ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური მოთამაშე?!

Written By giorgi on 06.02.2012 | 15:38

ალბათ, გასული კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენად, ვაშინგტონში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრა უნდა ჩაითვალოს. სააკაშვილი-ობამას შეხვედრის შესახებ ქართულ და უცხოურ მედიაშიც ბევრი რამ ითქვა და დაიწერა, თუმცა, განსხვავებული სტილითა და ჟანრში. ქართული შეფასებები, ტრადიციულად, დიამეტრულად განსხვავებული იყო, - თუ პროსახელისუფლებო მოსაზრებებს დავუჯერებთ, ობამას ერთადერთი მიზანი საქართველოს უპირობო მხარდაჭერა და რუსეთის აგრესიის შეჩერება გახლდათ, შეხვედრას კი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში არნახული გარღვევები მოჰყვა როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაში. აკი განაცხადა კიდეც მიხეილ სააკაშვილმა, ამდენი კონკრეტული შედეგით თეთრი სახლიდან არასოდეს გამოვსულვარო. სამაგიეროდ, ქართულმა ოპოზიციამ არ დაიზარა და ეს ტიტანური მიღწევები წყალში ჩაყარა. ირაკლი ალასანიას მტკიცებით, ოფიციალურ ვაშინგტონს თავდაცვის სფეროზე ხმაც არ ამოუღია.

მიუხედავად ამისა, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და რუსულ პრესაში რუსეთის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნის განცხადება გავრცელდა, - თუ ამერიკა საქართველოს რაიმე ტიპის შეიარაღებას მიაწვდის, ამიერკავკასიის რეგიონში უთუოდ დესტაბილიზაცია დაიწყებაო. გაცილებით გაწონასწორებული იყო უცხოური მედია, რომელიც ხშირად პირდაპირი შეფასებებისგან თავს იკავებს და ფაქტების კონსტატაციას სჯერდება. თუმცა, სიმართლისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ რამდენიმე მიმომხილველმა ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს მხარდაჭერაზე და როგორც რუსულ-ამერიკული, ისე ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ახალ ეტაპზე ისაუბრა. ასეა თუ ისე, ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკული ვიზიტისთვის საფუძვლიანად იყო მომზადებული და ეს არა მხოლოდ თეთრ სახლში გამართულ უმაღლესი დონის მიღებაზე ითქმის: მსოფლიო ბანკის ოფისსა და კონგრესში გამართულ შეხვედრებზე, ასევე სხვადასხვა პოლიტოლოგიურ ინსტიტუტში პროგრამით გათვალისწინებული გამოსვლებისას, ამერიკული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში საქართველოს პრეზიდენტს თავი და ფანტაზია არ დაუზოგავს და ეშხში შესულმა მშვიდობის ინსტიტუტში საქართველოში მილიონი რუსი ტურისტის ჩამოსვლაც კი დააანონსა, რაზეც, უცნობია, ზრდილობისა თუ არაინფორმირებულობის გამო, ამერიკულ აუდიტორიას წარბიც კი არ შეუხრია.

ცხადია, საქართველოში მსჯელობის საგანი გახდა ობამას განცხადებაც "ხელისუფლების ფორმალურად გადაცემის" თაობაზე. ჩვენ ხომ ყველაფრის ჰიპერბოლიზაცია გვიყვარს, არადა, ალბათ, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა ის თქვა, რისი თქმაც უნდოდა, - იმედია, ქართველები ამჯერად მაინც არ ირბენთ ავტომატებითა და ვარდებით, სასურველ ხელისუფლებას კანონიერი და სამართლიანი არჩევნებით აირჩევთო.
რუსეთში განვითარებული მოვლენები კი უფრო და უფრო ემსგავსება საქართველოს უახლოეს ისტორიას: მოსკოვში მიტინგები უკვე პარალელურ რეჟიმში იმართება, - აქეთ პუტინის მხარდამჭერები იკრიბებიან, იქით - ოპოზიციისა. ცხადია, პუტინის მხარდამჭერებს ავტობუსებისა და ადმინისტრაციული რესურსის სახით "მცირე" სტიმული აქვთ.…

დაწვრილებით ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილს ვესაუბრებით:


- ობამა-სააკაშვილის შეხვედრა საქართველოში კარდინალურად განსხვავებულად შეფასდა: ხელისუფლება არნახულ წარმატებებზე ლაპარაკობს, ოპოზიცია კი გაფრთხილებაზე, რომელიც სააკაშვილმა ამერიკელი "უფროსი" კოლეგისგან არჩევნების საკითხზე მიიღო. აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა თავად შეხვედრის ორგანიზებაზეც, - ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრა, ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერად და რუსეთის გაფრთხილებად იქნა განმარტებული, მეორე მხრივ კი ითქვა, რომ სააკაშვილის ოვალურ კაბინეტში მოხვედრა საქართველოს ხელისუფლებისა და ლობისტური კომპანიების დიდი ძალისხმევის შედეგია.
- ყველაფერთან ერთად, ვფიქრობ, ეს იყო საქართველოს ხელისუფლების დიდი მცდელობის შედეგიც. მეორე მხრივ, რაც ითქვა შეხვედრამდე და რაც შეხვედრის შემდგომ თქვა ოფიციალურმა ვაშინგტონმა, ორივე ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეხებოდა საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მომავალ როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნებსაც