ააკაშვილმა პედიატრი ირაკლი ციციშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

Written By giorgi on 07.02.2012 | 08:37

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცნობილი პედიატრი ირაკლი ციციშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ირაკლი ციციშვილი 88 წლისაა და ექიმობის 65 წლის სტაჟი აქვს. პრეზიდენტის თქმით, მას დიდი წვლილი მიუძღვის მომავალი თაობების აღზრდაში და ირაკლი ციციშვილის პაციენტი თავადაც იყო.

„ირაკლი ციციშვილს ქართული საზოგადოებისთვის წარდგენა არ სჭირდება, რადგან ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მას კარგად იცნობს. მახსოვს, რამდენიმე წელი ვავადმყოფობდი, ხან რა დიაგნოზი დამისვეს, ხან რა, ჩამოწერილი ვყავდი უკვე და ექიმები მირჩევდნენ, რომ კარგად შეფუთეთ და საწოლიდან არ ააყენოთო. ბოლოს ბატონ ირაკლისთან რომ მიმიყვანეს, თქვა, მკურნალობა კარგია, მაგრამ ააყენეთ კიდეც, ისწავლოს, იმეცადინოს და სპორტზეც იაროსო. ეს არის ყველაზე სწორი. მინდა დიდ ქართველ მედიკოსს, ბავშვების გადამრჩენს და მთელი მთავრობის აღმზრდელს, საქართველოს გენოფონდის ღვაწლმოსილ დამცველს, ბატონ ირაკლი ციციშვილს, დიდ ქართველ პედიატრს გადავცე ბრწყინვალების ორდენი ჩვენი მადლიერებისა და მისი დიდი ღვაწლის ხაზგასმის ნიშნად, ქართული სახელმწიფოს მხრიდან", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მისი პირადი ამბიციაა, რომ 2014-2015 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ევროპაში ერთ ერთი საუკეთესო იყოს.